პედაგოგი და ტექნოლოგია

პედაგოგი და ტექნოლოგია

შეფასება და სხვა სფეროები

პედაგოგი და ტექნოლოგია

შეფასება და სხვა სფეროები

„Google-ის გამოყენებას რომ ვისწავლი, მეტი განათლება ხომ აღარ დამჭირდება?“
კომპიუტერული ტექნოლოგიები სულ უფრო მეტ სფეროში აღწევს და თავადაც ქმნის მანამდე არ არსებულ სფეროებს. განათლების სისტემაშიც აქტიურად იკიდებს ფეხს — მათ შორის შეფესების სფეროში. როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შეფასებაში?
პირველ რიგში, კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას კალკულატორის გამოყენებას შეიძლება შევადაროთ — მათემათიკური ოპერაციები თუ ვიცით ამოცანის ამოხსნა შეგვიძლია, მაგრამ თუ კალკულატორიც გვაქვს, ამის გაკეთებას უფრო სწრაფად მოვახერხებთ. კომპიუტერის მეშვეობით უბრალოდ შეფასების პროცესის აჩქარება ხდება. თუმცა ტექნოგიას შეუძლია შეცვალოს, უფრო სწორად მისი გამოყენებით შეიძლება შევქმნათ შეფასების ახალი მეთოდები. ამის ერთ-ერთ მაგალითია Khan Academy-ის ამოცანები და მათი შეფასების სისტემა.
თავდაპირველად შეფასების სისტემა მარტივი და -როგორც პრაქტიკამ აჩვენა- არაეფექტური იყო. კერძოდ, თუ ზედიზედ 10 ამოცანას სწორად გააკეთებდი პროგრამა ჩათვლიდა, რომ საკითხი ათვისებული გაქვს და შედარებით რთულ საკითხზე გადასვლას გირჩევდა. მაგრამ, თუ 9 ამოცანას სწორად გააკეთებდი და მერე შეცდომას დაუშვებდი (თუნდაც მექანიკურად), ყველაფრის თავიდან დაწყება გიწევდა. შეფასების ეს მიდგომა არ გამოდგა ეფექტური, მაგრამ ის დაფუძნებულია ერთ საგულისხმო პრინციპზე, კერძოდ — დაოსტატების პრინციპზე. აღნიშნული პრინციპი Khan Academy-ზე გამოიხატება იმაში, რომ კონკრეტულ უნარს (მაგ. შეკრება 1000-ის ფარგლებში) დაოსტატებულად ჩათვლის მხოლოდ მაშინ როცა საკმარის სწორ პასუხს გასცემ. რამდენია საკმარისი არ არის წინსწარ განსაზღვრული. სხვადასხვა ცვლადზეა დამოკიდებული და დგინდება სტატისტიკური ანალიზის პროცესში. დღეისთვის Khan Academy-ზე შეფასების უფრო რთული და დახვეწილი მეთოდები გამოიყენება (მაგალითად, ლოგისტიკური რეგრესია) და უკეთესი მეთოდების ძებნის პროცესი ისევ მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.
ერთი შეხედვით, ეს ტექნოლოგიის გამოყენების პირველ გზას ჰგავს (კალკულატორით პროცესის აჩქარება). აქ არ არის ახალი სფეროს შექმნა, რადგან ლოგისტიკური რეგრესია მანამდეც ცნობილი იყო. მაგრამ ვინ იყენებდა მას მოსწავლის ყოველდღიური მიღწევის შეფასებაში? გამოდის, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით შეფასების ახალი ინსტრუმენტი შეიქმნა.
შესაბამისად განათლების სისტემაში, კერძოდ შეფასების სფეროში ტექნოლოგიის გამოყენების ორი მიმართულება შეიძლება გამოვყოთ:
1. არსებული შეფასების მეთოდების აჩქარება (ციფრულ ფორმატში გადაყვანით) და
2.ისეთი შეფასების სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია კომპიუტერული ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე.
მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიის გამოყენებით შეიძლება გაუმჯობესდეს განათლების სხვა სფეროებიც.

ამ საკითხს უფრო ფართო კუთხით შევხედოთ. რა პონტენციალი აქვს ტექნოლოგიას განათლებაში, როგორც შეფასების ისე სხვა სფეროებში? ცხადია ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ამიტომ განვიხილოთ ვარაუდები.
ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საინტერესო ვერსიას გვთავაზობს CGPGrey თავის ვიდეოში.
ქართული სუბტიტრებით
სხვა საკითხებთან ერთად ის სწავლების ტემპის საკითხს გამოყოფს — პედაგოგის მიერ მოსწავლეებისთვის ცოდნის „გადაცემის სიჩქარე“. არაა გასაკვირი, რომ ეს ტემპი ყველა ბავშვის სწავლის ტემპს არ ესადაგება. ზოგისთვის პროცესი ზედმეტად სწარაფად მიმდინარეობს, ზოგისთვის პირიქით და მხოლოდ ნაწილისთვის არის შესაფერისი. როცა კლასში ერთი პედაგოგია და თუნდაც ერთზე მეტი მოსწავლე, რთულია ყველას საჭიროება გაითვალისწინო. ეს ეხება არა მარტო სწავლების ფიზიკურ სიჩქარეს. ტემპში ვიგულისხმოთ გაკვეთილის ხანგრძლივობა, მასალის შინაარსი, შეფასება და სასწვლო პროცესის სხვა კომპონენტები. ამ პრობლემების გადაწყვეტის გზას CGP Grey პერსონიფიცირებულ სწავლებაში ხედავს.
ზოგადად ის, რომ კერძო პედაგოგის ყოლა კარგია ვიცით. მაგრამ ეს აზრი შეიძლება კვლევებითაც განვამტკიცოთ. ერთ-ერთი ასეთი კვლევა (Benjamin S. Bloom, 1984) ჩაატარა ბენჯამენ ბლუმმა (ეს ის ბლუმია კოგნიტური უნარებს ტაქსონომია რომ შემოგვთავაზე), სადაც სწავლების რამდენიმე მეთოდია განხილული. ეს მეთოდებია: კლასიკური (conventional, 1:30), დაოსტატების (mastering learning, 1:30) და ერთი-ერთზე სწავლების (Tutorial 1:1). კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მესამე ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა, მეორე — ნაკლებად ეფექტური, ხოლო ბოლო პოზიციაზე კლასიკური მეთოდი განთავსდა (გრაფიკი 1).
გრაფიკი 1, წყარო
მოსწავლეების სამი სხვადასხა ჯგუფის ქულების განაწილება. ჰორიზანტალურ ღერძზე არის ქულები, ვერტიკალურზე — მოსწავლეების რაოდენობა
დავუბრუნდეთ CGPgrey-ის ვიდეოს განხილვას. როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვს. პერსონიფიცირებული სწავლების შემთხვევაში, მისი უთუო უპირატესობის ფონზე, ჩნდება სამი პრობლემა: 1) ყველასთვის კერძო პედაგოგი ფიზიკურად ვერ მოიძებნება, 2) ეს მეთოდი ძალიან ძვირია და 3) ყველა პედაგოგი არისტოტელე ვერ იქნება.
CGPgrey-ის აზრით, დღეს უკვე პირველი ორი საკითხის გადაწყვეტა ტექნოლოგიის დახმარებით ხელშესახები რეალობაა და მესამის გადაწყეტის იმედს Khan Academy-ის მზგავსი ორგანიზაციები იძლევიან.
ჩნდება კითხვა: თუ კომპიუტერმა ასწავლა და შეაფასა მაშინ პედაგოგმა რა უნდა აკეთოს? ის აღარ იქნება საჭირო? CGPGrey-ის თუ დავუჯერებთ ტექნოოგია მაგასაც შეძლებს, მაგრამ ამაში ვერ დავეთანხმები. ეს აზრი ერთდროულად სწორიცაა და მცდარიც, გააჩნია კონკრეტულად რას ვგულისხმობთ.
პედაგოგის საქმიანობა კომპლექსურია. სიმარტივისთვის მოდით დავიყვანოთ ის 3 ძირითად კომპონენტამდე — სწავლება, შეფასება და აღზრდა. სავარაუდოდ, პედაგოგს ტექნოლოგია ყველაზე მეტად შეფასების კომპონენტში ჩაანაცვლებს, განსაკუთრებით მის რუტინულ ნაწილში. შემდგომ მოდის სწავლება. აქ სავარაუდოდ სიტუცია საგნის მიხედვით განსხვავებული იქნება. შედარებით მარტივია წარმოვიდგინოთ ტექნოლოგიის გამოყენება მათემატიკის სწავლებაში ვიდრე მუსიკის. და ბოლოს, აღზრდა — მასში იგულისხმება ყველაფერი ის, რაც ინფორმაციის გადაცემის და უნარების სწავლების მიღმა დგას. ზედმეტად სუბიექტური რომ არ ვიყო, შევხედოთ საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიზნებში (თავი I, მუხლი 3, პუნქტი 1) რა წერია:
საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოსწავლის … ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.
„პიროვნებად ჩამოყალიბების“ ამოცანას კომპიუტერი ვერ შეასრულებს. პედაგოგის, სხა სიტყვებით ცოცხალი ადამიანის როლის მნიშვნელობის გადაფასება ამ საკითხში რთულია.

შეძლებისდაგვარად კონკრეტულები უნდა ვიყოთ მსჯელობაში. რაში შეცვლის ტექნოლოგია პედაგოგს? რაში ვერ შეცვლის? რაში მოხდება ნაწილობრივ შეცვლა? და რაც მთავარია, რაში არ გვინდა კომპიუტერმა შეცვალოს პედაგოგი? ამავდროულად, ეს სიტყვა — შეცვლა, პედაგოგის და ტექნოლოგიის ურთიერთმიმართებას ზუსტად ვერ აღწერს. ტექნოლოგიის ჩართვა პედაგოგის საქმიანობაში (თუნდაც ისე მასშტაბურად, როგორც ეს შეფასების კომპონენტში შეიძლება მოხდეს) გულისხმობს არა მის შეცვლას, არამედ დახმარებას; რუტინული ამოცანების მოშორებას. შესაბამისად ამას პედაგოგის მიერ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება დაერქვას, ვიდრე სხვა რამ.
ეს საკითხი არის არა მხოლოდ განათლების მეთოდოლოგიის, არამედ, და უფრო მეტად განათლების მსოფლმხედველობის საკითხი. რა როლს ვანიჭებთ პედაგოგს? რა როლს ტექნოლოგიას? რა რიტორიკით განვიხილავთ მათ ურთიერთმიმართებას? როგორი გვინდა რომ იყოს ეს ურთიერთმიმართება? ამიტომ წინა აბზაცის ბოლო წინადადება რომ ჩავასწოროთ. ვფიქრობ, ამას ჯობია პედაგოგის მიერ ტექნოლოგიის გამოყენება დავარქვათ, ვიდრე სხვა რამ.

წყაროები:
  1. Khan Academy: Machine Learning — Measurable Learning http://derandomized.com/post/51729670543/khan-academy-machine-learning-measurable-learning
  2. How Khan Academy is using Machine Learning to Assess Student Mastery http://david-hu.com/2011/11/02/how-khan-academy-is-using-machine-learning-to-assess-student-mastery.html
  3. Digital Aristotle: Thoughts on the Future of Education https://www.youtube.com/watch?v=7vsCAM17O-M
  4. Benjamin S. Bloom, The 2 Sigma Problem: The Search for Methods of Group Instruction as Effective as One-to-One Tutoring. 1984 http://www.ascd.org/ASCD/pdf/journals/ed_lead/el_198405_bloom.pdf
  5. One-On-One Tutoring Can Improve Student’s Performance By 2 Standard Deviations http://changelog.ca/quote/2012/09/23/tutoring_two_sigma
  6. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ. მუხლი 3, პუნქტი 1 http://www.mes.gov.ge/uploads/Licenzireba/kanoni%20zogadi%20ganatlebis%20shesaxeb.pdf
  7. კომიქსი http://www.glasbergen.com/wp-content/gallery/education-and-teacher-cartoons/toon_39.gif

Comments